
რატომ არის რუსული კომპანია "Azimuth Airlines" სანქცირებული უკრაინაში
15/05/2023 18:27:42 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსული ავიაკომპანია "Azimuth Airlines", რომელიც 17 მაისიდან მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისს კვირაში 7-ჯერ შეასრულებს, უკრაინის მიერ სანქცირებულია 2022 წლის 19 ოქტომბრიდან.
სანქცირების მიზეზი უკრაინის ხელისუფლებას შემდეგნაირად აქვს განმარტებული:
"კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალი დონის მატერიალურ მხარდაჭერას (სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა) იმ ქმედებებისთვის, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.
გარდა ამისა, "Azimuth Airlines"-ის თვითმფრინავებს რუსეთში ყველაზე დიდი საავიაციო ჰოლდინგი "Сухой" აწარმოებს, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ არის დასანქცირებული. ჰოლდინგის მთავარი პროდუქცია Су-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავებია, რომლებიც რუსული ავიაციის მთავარ ძალას წარმოადგენს. Сухой ამ დროისთვის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებს აწარმოებს.
რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები 17 მაისიდან განახლდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა კომპანია "Azimuth Airlines"–ზე დღეს გასცა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.
პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.