Accentnews.ge
დღეს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" გაიმართება

დღეს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" გაიმართება

15/05/2023 09:36:38 საზოგადოება

დღეს თბილისში, პარლამენტთან 19:00 საათზე აქცია სახელწოდებით "უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი "მაისის სამოქალაქო მოძრაობა" არის.

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. ქართველი მეომრები იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ და სიცოცხლეს წირავენ საქართველოს და უკრაინის თავისუფლებას. უკრაინაში დაფრინავენ რუსული რაკეტები, ანადგურებენ ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინელი ხალხი საკუთარი სისხლის ფასად იცავს თითოეულ გოჯ მიწას და მედგარ წინააღმდეგობას უწევს დამპყრობელს. ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. როგორ შეგეხებათ პირდაპირი ფრენების აღდგენა თქვენ – მოქალაქეებს. მაშინ, როცა ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის სატრანსპორტო შეზღუდვების მიმართულებით, სანქცირებული კომპანიების საჰაერო ხომალდების მიღება და ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გამოიწვევს საქართველოს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და თავად ქვეყნის დასანქცირებას ანუ იგივე რეჟიმში მოქცევას გამოიწვევს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ გაფრინდეთ ევროპულ ქვეყნებში, რადგან საქართველოს აეროპორტიც მოექცევა სანქციების ქვეშ და ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებას განახორციელებენ საქართველოში – ვეღარ მიიღებენ საჰაერო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს. დასანქცირებული ქვეყანა ავტომატურად ნიშნავს უარს კანდიდატის სტატუსზე !!! ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეგუოთ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას. ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში“.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დღეიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღით შეუძლიათ.

პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, ანუ 10 მაისს შევიდა.

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S