თურქული მედია – ერდოღანმა არჩევნების I ტური საქართველოში წააგო
15/05/2023 09:07:51 მსოფლიო
თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების I ტური საქართველოში წააგო, – იუწყება თურქეთის სახელმწიფო მედია Anadolu.
მისი ინფორმაციით, საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე I ტურში თურქეთის ოპოზიციურმა ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 63.58% მიიღო, ერდოღანმა კი - 31.34%.
ქართულ საარჩევნო უბნებზე თურქეთის მმართველი პარტიაც დამარცხდა. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემების თანახმად, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ ხმების 43.07% მიიღო. მმართველმა რესპუბლიკურმა ალიანსმა კი - 30.31%.
გამოცემის ცნობით, დათვლილია ხმების 100%.
საქართველოში გახსნილ უბნებზე თურქეთის 1 013-მა მოქალაქემ მისცა ხმა. ამომრჩეველთა აქტივობა 43.93% იყო.
ცნობისთვის: თურქეთში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, 50.11%-ით მმართველი პარტია „სახალხო ალიანსი“ ლიდერობს. 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, ხოლო 9.79%-ით მესამე ადგილს მემარცხენე ძალების ალიანსი იკავებს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, ხმების 97.77%-ის დათვლის შედეგად ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ხმების 49.34% აქვს, მის მთავარ კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.98%. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
ხმების დათვლა გრძელდება.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება.


