
უკრიანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – დღეს ბახმუტთან უკრაინულმა ძალებმა რუსების 10–ზე მეტი პოზიცია დაიკავეს
15/05/2023 06:10:35 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინა ბახმუტის გარეუბნებში წინსვლას აგრძელებს.
"დღეს ბახმუტთან უკრაინულმა ძალებმა რუსების 10–ზე მეტი პოზიცია დაიკავეს. გარდა ამისა, ჩვენმა სამხედროებმა ივანოვსკის მახლობლად ტყის დიდი ტერიტორიიდან მტერი განდევნეს“, - განაცხადა მალიარმა.
მალიარმა ბახმუტში არსებულ სიტუაციას "ძალიან ცხელი" უწოდა.
„მტერმა მთელი თავისი ძალები იქ მოაგროვა და წინსვლას ცდილობს. ის ანადგურებს ყველაფერს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება“, - დასძინა მან.
13 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბახმუტში რიგი პოზიციებიდან უკან დახევა აღიარა.
12 მაისს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბახმუტში ჩასვლისკენ მოუწოდებდა:
„ვაგნერი“ ბახმუტის ტერიტორიის 95%–ს აკონტროლებს და შეტევას აგრძელებს. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს იმ ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან განლაგებულნი. რთული ოპერაციული ვითარებიდან გამომდინარე ისევე, როგორც საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით გთხოვთ, ჩამობრძანდეთ რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტი ბახმუტის ტერიტორიაზე და არსებული მდგომარეობა დამოუკიდებლად შეაფასოთ“.
მანამდე, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) იუწყებოდა, "რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლოკალური კონტრშეტევების შედეგად ბახმუტის მახლობლად რუსეთის ძალების ზოგიერთი პოზიცია გაარღვიეს".
ISW–ს ინფორმაციით, უკრაინელებმა ბახმუტი-ჩასოვ იარის ავტომაგისტრალის მონაკვეთი დაიკავეს.
11 მაისს რუსი სამხედრო კორესპონდენტების ნაწილი უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ იუწყებოდა.
კერძოდ, ევგენი პოდდუბნი წერდა: 'უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებაზე რუსული ძალების ალყაში მოქცევის ოპერაციის რეალიზება დაიწყეს და ამავდროულად, ფრონტის ხაზი გაარღვიეს სოლედარის მიდამოებში. უკრაინული ტანკები ხარკოვის შემოვლით გზაზე შენიშნეს და ისინი რუსეთთან საზღვრისკენ მიემართებიან, პარალელურად კი ხარკოვის მიდამოებში ურაინელი სამხედროების გააქტიურება შეინიშნება".
10 მაისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის მომზადებას "გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, რადგან ახლა რომ დაწყებულიყო, იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიუღებლად დიდ მსხვერპლად დაუჯდებოდათ".