
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ზელენსკი პირველად ჩავიდა გერმანიაში
14/05/2023 07:46:12 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში იმყოფება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში.
რომიდან გერმანიის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტი მოიერიშე თვითმფრინავების თანხლებით ჩაფრინდა.
უკრაინის ლიდერის ვიზიტის გამო, ბერლინის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
გერმანულმა BILD-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც ასახულია, რომ ზელენსკი გერმანიის თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.
BILD-ის ცნობითვე, გერმანიის თავდაცვის უწყებაში უკრაინის პირველი პირი ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტიდან ვერტმფრენით მივიდა.
ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კაცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
მედია წერს, რომ დღეს ნაშუადღევს, ზელენსკი ქალაქ აახენში გაემგზავრება, სადაც მას კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ.