Accentnews.ge
РБК: საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 16 მაისს განახლდება

РБК: საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 16 მაისს განახლდება

13/05/2023 15:22:31 პოლიტიკა

რუსული მედიის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა სავარაუდოდ, 16 მაისს განახლდება.

როგორც გამოცემა РБК-ს რუსეთის საავიაციო მმართველობასა და "აზიმუტთან" დაახლოებულმა წყარომ უამბო, ავიაკომპანიები "აზიმუტი" და "Georgian Airways" მოსკოვი-თბილისის რეისების დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავენ, თუკი ორ ქვეყანას შორის ფრენების განსაახლებლად ბოლო ფორმალობები მოგვარდება.

მისივე ინფორმაციით, "აზიმუტმა" მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტიდან თბილისისკენ ფრენები 16 მაისიდან შეიძლება დაიწყოს, ხოლო "Georgian Airways"-მა — 18 მაისიდან.

"შესაძლოა, 18 მაისიდან ვერ მოესწროს და მოსკოვისკენ ფრენები ოდნავ მოგვიანებით დავიწყოთ, მაგრამ უახლოესი ათი დღის განმავლობაში, ვიმედოვნებ, ამას შევძლებთ"- განუცხადა გამოცემას "Georgian Airlines"-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და იქვე დაადასტურა ინფორმაცია რუსული "აზიმუტის" მიერ მომავალი კვირიდან ფრენების დასაწყებად მზადების თაობაზე.

ორივე ავიაგადამზიდმა უკვე აცნობა თბილისის აეროპორტს რუსეთიდან რეისების მზადების შესახებ, - დაუდასტურა РБК-ს თბილისის აეროპორტის მმართველი თურქული ჰოლდინგის - TAV Airports-ის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორმა ერხან უსთუნდაგმა.

მისივე თქმით, "აზიმუტი" თბილისისკენ რეისების კვირაში 6-ჯერ განხორციელებას გეგმავს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ზემოთთქმულთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

რუსული გამოცემის ცნობით, თბილისსა და მოსკოვს შორის რეისებისთვის ბილეთების გაყიდვის დაწყების საკითხს "Georgian Airways"-ის სპეციალისტები მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ.

მისივე ინფორმაციით, "აზიმუტი" თვითმფრივანებით "Superjet" იფრენს, რომელიც რუსულ ლიზინგურ კომპანიებს ეკუთვნით და სანქცირებული არ არის.

ანალოგიური საჰაერო ხომალდები გააჩნია ასევე ავიაკომპანია "Red Wings"-ს, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე განაცხადა უკვე წარადგინა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქცირებული კომპანიების მიერ სანქცირებული ლაინერებით ფრენა გამორიცხულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S