
გუმბარიძე: "ფორმულას" თანამშრომლებისთვის წილების გადაცემის პროცესი დაიწყო
12/05/2023 17:04:21 საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ თანამშრომლებისთვის წილების გადაცემის პროცესი დაიწყო.
როგორც გუმბარიძე განმარტავს, ტელეკომპანიის თანამშრომლები დააფუძნებენ ა(ა)იპ-ს, რომელშიც 40 ადამიანი იქნება გაერთიანებული. უკვე არჩეული არიან ორგანიზაციის გამგეობის წევრები, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ნინო ჟიჟილაშვილი იქნება.
ტელეკომპანიაში ჩამოყალიბდება ბორდი, რომელშიც სხვა დამფუძნებლებთან ერთად იქნება წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარეც:
"ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართულ მედიასივრცეში პირველად დაფიქსირდება პრეცედენტი, როდესაც მედიაში სადამფუძნებლო სისტემა იქნება ისეთი, რომ ვერც ერთი დამფუძნებელი ვეღარ შეძლებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად დანაპირები, რომელიც ჩვენ სამი კვირის წინ გავაკეთეთ, სისრულეში მოყვანილი იქნება. ამასთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და გამოცდილება, რომ ხელისუფლება ეცდება ამ პროცესის შეყოვნებას და პროცესი იქნება შეჩერებული იუსტიციის სახლში და არ მოხდება დარეგისტრირება წილისა, ამის მიზეზი გახდება ის, რომ დავით კეზერაშვილის პირადობასა და პასპორტს ვადა აქვს გასული და, სამწუხაროდ, ხელისუფლება არ აძლევს მას საშუალებას, რომ ეს პასპორტი აღდგეს. ამის მიზეზი ცხადია არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს, სისრულეში მოვიდეს არხის დამფუძნებლისა და თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება წილის განკარგვასთან დაკავშირებით. ეს პასპორტი არის საჭირო მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს წილის გადაფორმება არხის თანამშრომლებისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაფერი მოგვარდება", - თქვა გუმბარიძემ.
ნინო ჟიჟილაშვილი გამგეობის თავმჯდომარე ერთი წლის განმავლობაში იქნება.