რუსეთში „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ბიზნესმენი დააყაჩაღეს
12/05/2023 14:35:08 მსოფლიო
რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სამმა მებრძოლმა, რომლებიც უკრაინის ომიდან დაბრუნდნენ, რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ბიზნესმენი დააყაჩაღეს.
გამოძიების ვერსიით, ისინი ადგილობრივ მეწარმეზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ და მოკვლის მუქარით ითხოვდნენ მაღაზიის და მანქანის მათზე დარეგისტრირებას.
გამოცემა V1.ru-ს ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა, სამი პირი ბინაში შეიჭრა და დანის მუქარით მოსთხოვეს ბიზნესმენს, მათზე გაეფორმებინა სამშენებლო მასალის მაღაზია. უარის შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს, მანქანის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შედგენა მოსთხოვეს, შემდეგ კი ძვირფასი ნივთები და ნაღდი ფული გაიტაცეს.
სამივე ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. ერთ-ერთი მათგანის, რუსკოვის ყოფილმა ცოლმა განაცხადა, რომ ის უკრაინიდან ერთი თვის წინ დაბრუნდა და რომ „ვაგნერმა“ იგი კოლონიაში გადაიბირა.
ვოლგოგრადის საოლქო სასამართლოს არქივის თანახმად, რუსკოვს თითქმის 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყაჩაღობის, მკვლელობის და მკვლელობის მიზნით თავდასხმის ბრალდებით. მისი ყოფილი ცოლის ინფორმაციით, სხვა ორი დაკავებული პირი სასჯელს რუსკოვთან ერთად იხდიდა ნარკოტიკების მოხმარების, იარაღის უკანონოდ შენახვის, ასევე მკვლელობისთვის და უკრაინაში საბრძოლველად „ვაგნერის“ მიერ ისინიც იმავე კოლონიაში იქნენ გადაბირებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები დააფიქსირეს რუსეთში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისას. ზოგადად, მედიასაშუალებები წერენ, რომ ომის ფონზე იარაღით ჩადენილი ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.


