პრიგოჟინმა შოიგუს ბახმუტში ჩასვლისკენ მოუწოდა
12/05/2023 09:37:22 მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბახმუტში ჩასვლისკენ მოუწოდებს.
„ვაგნერი“ ბახმუტის ტერიტორიის 95%–ს აკონტროლებს და შეტევას აგრძელებს. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს იმ ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან განლაგებულნი. რთული ოპერაციული ვითარებიდან გამომდინარე ისევე, როგორც საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით გთხოვთ, ჩამობრძანდეთ რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტი ბახმუტის ტერიტორიაზე და არსებული მდგომარეობა დამოუკიდებლად შეაფასოთ“, - ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში 2 კილომეტრით წაიწიეს წინ.
მანამდე, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) იუწყებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლოკალური კონტრშეტევების შედეგად ბახმუტის მახლობლად რუსეთის ძალების ზოგიერთი პოზიცია გაარღვიეს.
ISW–ს ინფორმაციით, უკრაინელებმა ბახმუტი-ჩასოვ იარის ავტომაგისტრალის მონაკვეთი დაიკავეს.
რუსი სამხედრო კორესპონდენტების ნაწილი უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ იუწყება.
კერძოდ, ევგენი პოდდუბნი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებაზე რუსული ძალების "ალყაში მოქცევის ოპერაციის რეალიზება" დაიწყეს და ამავდროულად, ფრონტის ხაზი გაარღვიეს სოლედარის მიდამოებში.
ალექსანდრე კოცი წერს, რომ უკრაინული ტანკები ხარკოვის შემოვლით გზაზე შენიშნეს და ისინი რუსეთთან საზღვრისკენ მიემართებიან, პარალელურად კი ხარკოვის მიდამოებში ურაინელი სამხედროების გააქტიურება შეინიშნება.
ამავდროულად, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მოსკოვის მიერ ხელდასმული ყოფილი "თავდაცვის მინისტრი", პროპაგანდისტი იგორ სტრელკოვი ირწმუნება, რომ "ამ ეტაპზე საუბარია მხლოდ ლოკალურ, თუმცა წარმატებულ კონტრშეტევებზე".
უკრაინაში მებრძოლი ტერორისტული გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ტელეგრამ-არხი ასევე "ლოკალურ კონრშეტევაზე" მიუთითებს, რუსი სამხედრო კორესპონდენტების ცნობებს კი "პანიკად" აფასებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ "ცნობები უკრაინული კონტრშეტევის დაწყების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება".
კიევს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
წინა დღით კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის მომზადებას "გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, რადგან ახლა რომ დაწყებულიყო, იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიუღებლად დიდ მსხვერპლად დაუჯდებოდათ".


