ISW: უკრაინელებმა ბახმუტთან რუსების პოზიციები გაარღვიეს
12/05/2023 06:06:55 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ლოკალური კონტრშეტევების შედეგად ბახმუტის მახლობლად რუსეთის ძალების ზოგიერთი პოზიცია გაარღვიეს.
ISW–ს ინფორმაციით, უკრაინელებმა ბახმუტი-ჩასოვ იარის ავტომაგისტრალის მონაკვეთი დაიკავეს.
რუსი სამხედრო კორესპონდენტების ნაწილი უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების შესახებ იუწყება.
კერძოდ, ევგენი პოდდუბნი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებაზე რუსული ძალების "ალყაში მოქცევის ოპერაციის რეალიზება" დაიწყეს და ამავდროულად, ფრონტის ხაზი გაარღვიეს სოლედარის მიდამოებში.
ალექსანდრე კოცი წერს, რომ უკრაინული ტანკები ხარკოვის შემოვლით გზაზე შენიშნეს და ისინი რუსეთთან საზღვრისკენ მიემართებიან, პარალელურად კი ხარკოვის მიდამოებში ურაინელი სამხედროების გააქტიურება შეინიშნება.
ამავდროულად, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მოსკოვის მიერ ხელდასმული ყოფილი "თავდაცვის მინისტრი", პროპაგანდისტი იგორ სტრელკოვი ირწმუნება, რომ "ამ ეტაპზე საუბარია მხლოდ ლოკალურ, თუმცა წარმატებულ კონტრშეტევებზე".
უკრაინაში მებრძოლი ტერორისტული გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ტელეგრამ-არხი ასევე "ლოკალურ კონრშეტევაზე" მიუთითებს, რუსი სამხედრო კორესპონდენტების ცნობებს კი "პანიკად" აფასებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ "ცნობები უკრაინული კონტრშეტევის დაწყების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება".
კიევს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
წინა დღით კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის მომზადებას "გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, რადგან ახლა რომ დაწყებულიყო, იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიუღებლად დიდ მსხვერპლად დაუჯდებოდათ".


