პესკოვი - რუსეთ-საქართველოს დიპურთიერთობების აღდგენაზე: "მოვლენებს ასე ძალიან არ გავუსწრებდი"
12/05/2023 05:58:21 პოლიტიკა
რუსეთმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი "ორი ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნეს-წრეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მრავალრიცხოვანი მიმართვების საფუძველზე შემოიღო და ეს ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილება იყო", - ირწმუნება კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.
"საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე. რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდა შესაბამისი თხოვნით მიმართვებს ორი ქვეყნის როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე მეწარმეების, სამეცნიერო და კულტურული წრეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. სწორედ აქედან გამომდინარე, ჰუმანიტარული მოსაზრებებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება" - განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტებმა მას ქართველი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების უდიდესი ნაწილის, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკვეთრად ნეგატიურ რეაქციაზე გაუმახვილეს ყურადღება, პესკოვმა კი, რომელიც საქართველოს მმართველი გუნდის წევრთა პოზიციას დაეყრდნო, განაცხადა, რომ "თბილისიდან განსხვავებული შეხედულებები ისმის - ნეგატიურიც და თავშეკავებულიც".
ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, შემდეგ ნაბიჯად დიპლომატიური ურთერთობების აღდგენა იქცეს, კრემლის პრეს-მდივანმა განაცხადა:
"რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, მე პირადად მოვლენებს ასე ძალიან არ გავუსწრებდიო".


