Accentnews.ge
გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება

გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება

11/05/2023 18:58:26 პოლიტიკა, ეკონომიკა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე მიესალმება.

“ჯერ–ჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას მივესალმები. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს. დაველოდები მოვლენების განვითარებას, რადგანაც ბევრი რამეა კიდე საჭირო”, – განუცხადა გაიაშვილმა Avianews.ge-ს.

რუსული მედიის ცნობით, რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას უკვე მომდევნო კვირიდან შეძლებენ. თავის მხრივ, გაიაშვილი Georgian Airways-ის მაგალითზე აცხადებს, რომ კომპანიას ფრენების დასაწყებად მომზადება სჭირდება, რადგანაც რეისების დაგეგმვა ერთ დღეში არ ხდება.

“რუსული მხარე შესაძლოა, მომზადებულია, მაგრამ მე მომზადებული ჯერ არ ვარ. მომავალ კვირაში ავიაკომპანიაში თათბირი ჩატარდება, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რასაკვირველია. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ გამაგებინოს, რატომ უნდა იარონ ერევნის, ბაქოს, თურქეთის გავლით? ვინმემ თქვას, თუ რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით შეიძლება, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა, მივცეთ ხალხს არჩევანი”, განუცხადა გაიაშვილმა Avianews.ge-ს.

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S