Accentnews.ge
პიტერ სტანო: "საქართველომ სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას"

პიტერ სტანო: "საქართველომ სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას"

11/05/2023 12:17:11 პოლიტიკა

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს–სპიკერი პიტერ სტანო ეხმიანება კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასა და ფრენების აღდგენაზე.

მან მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში."

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ცნობა რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ამ კონტექსტში უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყანამ სანქციები დაუწესეს რუსულ ავიაციის სექტორს - ჩვენ ავკრძალეთ ფრენები რუსეთში, რუსეთიდან და რუსეთის გავლით. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში. ასევე შეინარჩუნოს სიფხიზლე არსებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, განსაკუთრებით, ავიაციის სექტორში".

პიტერ სტანომ ასევე ისაუბრა უსაფრთხოების პრობლემებზე, რომლებიც რუსულ თვითმფრინავებს აქვთ სანქციებიდან გამომდინარე:

"უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე. სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების პარკის 95%-ს არ შეუძლია თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია".

რაც შეეხება რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის თემას, ამაზე პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, ისარგებლებენ თუ არა ამით.

მანამდე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა საქართველო მოსალოდნელი სანქციების შესახებ.

"დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა",– ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის "აქცენტისთვის" მიწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S