Accentnews.ge
საქართველოს ფინანსთა მინისტრი: „რუსეთის გადაწყვეტილება სავაჭრო ურთიერთობებზე არსებით ზეგავლენას არ მოახდენს“

საქართველოს ფინანსთა მინისტრი: „რუსეთის გადაწყვეტილება სავაჭრო ურთიერთობებზე არსებით ზეგავლენას არ მოახდენს“

11/05/2023 08:09:26 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილ განცხადებით, რუსეთის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე გავლენას არ იქონიებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება სავაჭრო პოლიტიკას. სავაჭრო პოლიტიკა იმ ჩარჩოს ფარგლებში ხორციელდება, რაც არის საერთაშორისო დღის წესრიგით განსაზღვრული და ვერ დავაკავშირებ ამ გადაწყვეტილებას ვაჭრობასთან. ჩემი შეფასებით, რუსეთის მხრიდან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა სავაჭრო ურთიერთობებზე არსებით ზეგავლენას არ მოახდენს“, - განაცხადა მინისტმა.

"აქცენტის" მიმართვის საპასუხოდ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. მისი წარმომადგენლის ოფიციალური კომენტარი ასეთი იყო: "დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა".

ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S