
გერმანიის ელჩი – პუტინის გადაწყვეტილებებზე: "რუსეთის თამაშებით არავინ მოტყუვდება"
11/05/2023 07:29:31 პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებებს საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე და აცხადებს, რომ "მოსკოვის თამაშებით არავინ მოტყუვდება".
„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და დაიწყოს კანონიერად და მშვიდობიანად მოქმედება. ეს არის ერთადერთი, რაც საინტერესოა. რუსეთის თამაშებით არავინ ტყუვდება", – განუცხადა ელჩმა "აქცენტს".
ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.