უკრაინის გენშტაბი: ქვეყნის აღმოსავლეთში 39 შეტევა მოვიგერიეთ
11/05/2023 06:46:37 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 45 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 53-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 39 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქების, ბახმუტისა და მარინკისთვის.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 9 და 10 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ბახმუტის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, 10 მაისს ბახმუტსა და მის შემოგარენზე რუსული ძალების შეტევაში ისევ მონაწილეობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, მიუხედავად დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებისა, რომ „ვაგნერელები“ ამ რაიონს შუაღამიდან დატოვებდნენ.


