Accentnews.ge
კობახიძე: „რუსეთის ფედერაციას, ბუნებრივია, სანქციებს არ დავუწესებთ“

კობახიძე: „რუსეთის ფედერაციას, ბუნებრივია, სანქციებს არ დავუწესებთ“

10/05/2023 20:03:19 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ როგორც თავის დროზე ცალმხრივად მიიღო რუსემა გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესებისა და პირდაპირი ფრენების აკრძალვის თაობაზე, ასევე ცალმხრვი იყო გაუქმების გადაწყვეტილებას.

ამასთან, მისი თქმით, ქართული მხარე სანქციებს არ უწესებს რუსეთს.

„ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს – ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია უკვე განმარტებულია, რატომ არ ვაკეთებთ ამას. მიზეზი არის მარტივი აქაც, მიზეზი არის ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციებს, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია“, – განაცხადა კობახიძემ თემის კომენტირებისას „იმედის“ ეთერში.

რუსეთისთვის სანქციების დაწესება ქართული ეკონომიკისთვის დრამატული შედეგის მომტანი იქნებოდა, თუმცა არ საუბრობს, რას უქადის სახელმწიფოს და მის ხალხს ოკუპანტი ქვეყნის არასაიმედო ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულება, რომელიც სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე.

„ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის და მაგალითად, თუ შარშან გვქონდა 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10% ეკონომიკური ვარდნა, 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა. ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება, გაღარიბება, ამას ვერ მიაღწიეს – რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დავიჭირეთ მტკიცე პოზიცია. აქაც ახლა, ჩვენ რუსეთის ფედერაციას, ბუნებრივია, სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება ქართული ოცნების „პრაგმატული პოლიტიკის” გამოხატულებაა:

"სინამდვილეში, რეალობა არის ერთი, რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ”.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული მოთხოვნის შესრულებას, მაგრამ არ შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება.

„სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა“, – თქვა პაპუაშვილმა.

მისი მტკიცებით, საქართველო არ გახდება ის ტერიტორია, სადაც სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნება შესაძლებელი. ამასთან, პარლამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებას:

„საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა: ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში, მეორე მხრივ – ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს”.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა.

"დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ "აქცენტისთვის" მოწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადებები ბოლო თვეების განმავლობაში არაერთგზის გაკეთებულა. "ოცნების" ხელისუფლება ამ პერსპექტივას იმთავითვე მიესალმებოდა. მოსკოვიდან მჟღერ შესაბამის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს ამმხრივ მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.

მოსკოვის ხსენებული ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაშინაც არგუმენტად სწორედ კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე.

რეალურად, ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა. ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.

ამასთან, საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ მაშინვე გააფრთხილეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S