NATO აზიაში პირველ ოფისს გახსნის
10/05/2023 17:53:21 მსოფლიო
იაპონიას ტოკიოში ნატოს ოფისის გახსნა სურს. ეს იქნება ნატოს პირველი ოფისი აზიაში.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ იოსიმასა ჰაიასის თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ჰაიასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გავლენას ახდენს მსოფლიოს სტაბილურობაზე და იაპონიამ უნდა გააძლიეროს თავისი რეგიონის უსაფრთხოება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა მოლაპარაკებები.
მან იაპონიას ალიანსის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. ასევე აღნიშნა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩინეთის პოლიტიკამ.
"ის, რაც ევროპაში ხდება, მნიშვნელოვანია აზიისთვის, რაც ხდება აზიაში, მნიშვნელოვანია ევროპისთვის. პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება უკრაინაში," – თქვა სტოლტენბერგმა.


