ფერმერების პროტესტი კახეთში: „მთავრობის სხდომას დაველოდებით, შემდეგ აქციებს გავაგრძელებთ"
10/05/2023 14:33:58 საზოგადოება
ხორბლის მწარმოებელმა ფერმერებმა კახეთში, წნორში საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციაზე მივიდა, ხორბლის და ქერის გასული წლის მოსავალი თითქმის სრულად გასაყიდი აქვს. ეს კი ჯამში დაახლოებით 20 ათასი ტონაა.
ფერმერები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილემ გურამ ტურაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ მას 120 ტონა ხორბალი აქვს გასაყიდი და თუ რეალიზაციას დროულად ვერ შეძლებს, მოსავალი გადასაყრელი გახდება.
"იმის გამო, რომ საქართველოში პურის გამოსაცხობად რუსეთიდან დაუბეგრავი ფქვილი შემოდის, ჩვენ მათ კონკურენციას ვერ ვუწევთ. ჩვენი მოთხოვნაა, ფქვილის შემოტანაზე დაწესდეს გადასახადი, რაც შესაძლებლობას გააჩენს, რომ ჩვენი ხორბალიც გაიყიდოს. ახლა 40 თეთრსაც არავინ იხდის, არადა მოყვანა ბევრად მეტი დაგვიჯდა“, - თქვა ფერმერმა.
აქციაზე „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძეც მივიდა.
„რუსეთიდან შემოდის მზა ფქვილი, რომელზეც საიმპორტო გადასახადი არ არის დაწესებული, შესაბამისად, ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ. რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და ხორბალი, ასე რომ ვთქვათ, გადასაყრელი აქვს. ამიტომ იაფად ყიდიან. ჩვენი მოთხოვნაა, ფქვილის შემოტანა დაიბეგროს, რაც საშუალებაც მოგვცემს, ქართული ხორბალი გავყიდოთ თვითღირებულებით მაინც. ეს არ გამოიწვევს პურის გაძვირებას. ეს საკითხი თუ დროულად არ მოგვარდა, მოსავალი მთლიანად განადგურდება და ახალი მოსავლის აღებასაც ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ბენიაიძემ.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა განვითარების სამმართველოს უფროსი ნოდარ ხოხაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძეც მივიდნენ
ხოხაშვილმა ფერმერებს უთხრა, რომ სამინისტრომ მათი პრობლემები კარგად იცის და მომავალ კვირაში გაირკვევა, როგორ და რა ფორმით შეძლებს სახელმწიფო მეხორბლეთა დახმარებას.
„ამ წუთებშიც მიმდინარეობს პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან მსჯელობა პრობლემების მოგვარებაზე. ერთ კვირაში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მუშაობა მიდის იმპორტული პროდუქტის შემოტანის და წისქვილების ამუშავებაზე. ახალი მოსავლის აღებამდე მოგვარდება ეს საკითხი", - უთხრა აქციის მონაწილეებს ნოდარ ხოხაშვილმა.
სამინისტროს წარმომადგენლის ამ გაცხადებამ აქციის მონაწილეებში უკმაყოფილება გამოიწვია და ამის შემდეგ წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ გზაზე ტომრებით მიტანილი ხორბალი დაყარეს, რომლის ნაწილის უკვე გაფუჭებული იყო.
„არ გვჯერა რომ თქვენ ერთ კვირაში რამეს მოაგვარებთ. ამ პრობლემაზე ვლაპარაკობთ მარტიდან და კიდევ დროს ითხოვთ რომ დაგაცადოთ?! ჩვენ აქციებს არ შევწყვეტ მანამდე, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ ხორბალი თვითღირებულების ფასად მაინც გავყიდოთ“, - მიმართეს აქციის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს.
წნორი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო გადაკეტილი. გზა თავად აქციის მონაწილეებმა გახსნეს და განაცხადეს, რომ ორშაბათს მთავრობის სხდომას დაელოდებიან და თუ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მორიგ აქციას სამშაბათს, 16 მაისს სოფელ ჩალაუბანში გამართავენ.


