ქვრივიშვილი: საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი კომპანია და ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული

10-05-2023 17:38:27 პოლიტიკა ,ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვერ იფრენს ვერცერთი კომპანია და ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული.

„მკაფიოდ გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი კომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული, რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, არ ექნებათ შეზღუდვა განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე“, – აცხადებს ქვრივიშვილი.

მისი თქმით, არცერთ რუსულ ავიაკომპანიას ქართული მხარისთვის ჯერ–ჯერობით არ მიუმართავს:

„ამ ეტაპისთვის არანაირი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გეცმული, რადგან ამ ეტაპისთვის ჩვენ არ გვაქვს მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან, მათ შორის არც სახელმწიფოს მხრიდან, მომართვის შემთხვევაში ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე, როგორც ისინი ოპერირებენ მაგალითად ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და გაერთაინებულ საემიროებში“.

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

  • დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებრვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა.

რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. მიმდინარე წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.

მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.

მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები