
მესტვირიშვილი: მიმდინარე წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება
10/05/2023 09:17:33 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკა მაინც გამკაცრებული დარჩება.
“წლის ბოლოს და მთელი წლის განმავლობაში მოველით, რომ ინფლაცია მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი იქნება. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება ინფლაცია. აქედან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ ეს დროებითია. რაც შეეხება წამლებზე ფასების შემცირებას, ამას გავლენა ჰქონდა და მთლიანი ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სოციალურად რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა ინფლაცია. აქედან გამომდინარე, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მაინც ვინარჩუნებთ. განაკვეთების შემცირების მიუხედავად, კიდევ ველით, რომ განაკვეთი შემცირდება, წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა მაინც გამკაცრებული დარჩება”,-განაცხადა მესტვირიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც სესხის პროცენტი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, გადასახდელი თანხა შეუმცირდებათ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 10.5%–ს შეადგენს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ინფლაციის შემცირება გახდა.