Accentnews.ge
ბილეცკი: უკრაინელებმა ბახმუტის რაიონში 3კმ სიგანისა და 2,6კმ სიგრძის ტერიტორია გაათავისუფლეს

ბილეცკი: უკრაინელებმა ბახმუტის რაიონში 3კმ სიგანისა და 2,6კმ სიგრძის ტერიტორია გაათავისუფლეს

10/05/2023 08:49:46 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის რაიონში 3კმ სიგანისა და 2,6კმ სიგრძის ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მე-3 თავდასხმის ბრიგადის ხელმძღვანელი ანდრეი ბილეცკი ტელეგრამ–არხზე წერს.

მისი ინფორმაციით, ბახმუტის მიდამოებში მებრძოლი 72-ე რუსული ბრიგადის მეექვსე და მერვე ასეულები განადგურებულია.

"გარდა ამისა, განადგურებულია ბრონირებული მანქანების მნიშვნელოვანი რაოდენობა, აყვანილია ბევრი ტყვე“, – წერს ბილეცკი.

ინფორმაცია რუსული ბრიგადის მიერ პოზიციების მიტოვებისა და გაქცევის შესახებ თავდაპირველად ტერორიტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, წარსულში "პუტინის მზარეულად" ცნობილმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა. მან კვლავ საბრძოლო მასალის დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება, პრეზიდენტი პუტინი "ბაბუდ" მოიხსენია და ფრონტზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ მის "ბედნიერ არაინფორმირებულობაზე" მიუთითა.

"ბედნიერ ბაბუს ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა… როგორ მოვიგოთ ომი, თუ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ეს ბაბუ სრული ნაძირალაა?! თავდაცვის სამინისტროს "ვაგნერელებისთვის" საბრძოლო მასალა ამ დრომდე არ მოუწოდებია, არადა, ნახევარ წელზე მეტია, ბახმუტს ვუტევთ და უდიდეს დანაკარგს განვიცდით! თან გვემუქრებიან, თუ პოზიციებს დატოვებთ, სამშობლოს მოღალატეებად გამოგაცხადებთო! და ეს - მაშინ, როცა თავად თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაიქცა და ფრონტის ხაზზე 2-კილომეტრიანი ხვრელი დაგვიტოვა!" - განაცხადა 9 მაისს ახალ ვიდეომიმართვაში პრიგოჟინმა, რომლის ინფორმაციით, "ვაგნერელებს" აუცილებელი საბრძოლო მასალის მხოლოდ 10% მიეწოდებათ.

ცნობისთვის: გასულ კვირას პრიგოჟინმა, პუტინს ულტიმატუმი წაუყენა, თავდაცვის მინისტრ შოიგუს მწვავედ დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის კვლავ არმიღების შემთხვევაში მისი დაჯგუფება პოზიციებს 10 მაისისთვის დატოვებდა.

ამას ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის პასუხი მოჰყვა, რომელმაც "ვაგნერელებს" ფრონტის დატოვება დე-ფაქტოდ აუკრძალა და მოუწოდა, "კადიროველების" მართვის ქვეშ გადავიდნენ, თავად პრიგოჟინს კი შეუთვალა, "მალე საჭირო ადამიანები დაგიკავშირდებიან და აგიხსნიან, რა როგორააო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S