უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელთა ოჯახების ე.წ. ევაკუაცია დაიწყო
10/05/2023 06:08:10 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსეთმა ქალაქ ენერგოდარიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელთა ოჯახების ე.წ. ევაკუაცია დაიწყო.
გენშტაბის ინფორმაციით, სადგურის თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვთ, მათი ოჯახის წევრებს კი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქების, ბერდიანსკისა და კირილოვკის სასტუმროებში გადაყვანა შესთავაზეს. თუმცა ისინი, ვინც ე.წ. ევაკუაციას დასთანხმდნენ, რუსეთის როსტოვის ოლქში წაიყვანეს და კარვებში განათავსეს.
ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქალაქ ენერგოდართან, ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა არაერთხელ მოითხოვა. ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლაიდიმირ პუტინმა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება" გამოსცა.


