კიევი: რუსეთის 72-ე ბრიგადა ბახმუტიდან გაიქცა, "ვაგნეროველების" პოზიციები განადგურებულია
09/05/2023 23:32:19 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ ინფორმაციას ბახმუტის მიდამოებში მებრძოლი 72-ე რუსული ბრიგადის გაქცევის თაობაზე.
"ცნობები 72-ე ბრიგადის გაქცევისა და ადგილზე რუსების 500-მდე გვამის მიტოვების შესახებ სიმართლეს შეესაბამება. კონტრშეტევითი მოქმედებების ორი დღე-ღამის განმავლობაში 64 ოკუპანტია ლიკვიდირებული, კიდევ 87 გაქცევისას გამოესალმა სიცოცხლეს. მათ შორის "ვაგნერელებიც" იყვნენ" - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების 53-ე შემტევი ბრიგადა "აზოვის" შემადგენლობიდან.
ინფორმაცია რუსული ბრიგადის მიერ პოზიციების მიტოვებისა და გაქცევის შესახებ თავდაპირველად ტერორიტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღცაბელმა, წარსულში "პუტინის მზარეულად" ცნობილმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა. მან კვლავ საბრძოლო მასალის დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება, პრეზიდენტი პუტინი "ბაბუდ" მოიხსენია და ფრონტზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ მის "ბედნიერ არაინფორმირებულობაზე" მიუთითა.
"ბედნიერ ბაბუს ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა… როგორ მოვიგოთ ომი, თუ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ეს ბაბუ სრული ნაძირალაა?! თავდაცვის სამინისტროს "ვაგნერელებისთვის" საბრძოლო მასალა ამ დრომდე არ მოუწოდებია, არადა, ნახევარ წელზე მეტია, ბახმუტს ვუტევთ და უდიდეს დანაკარგს განვიცდით! თან გვემუქრებიან, თუ პოზიციებს დატოვებთ, სამშობლოს მოღალატეებად გამოგაცხადებთო! და ეს - მაშინ, როცა თავად თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი გაიქცა და ფრონტის ხაზზე 2-კილომეტრიანი ხვრელი დაგვიტოვა!" - განაცხადა 9 მაისს ახალ ვიდეომიმართვაში პრიგოჟინმა, რომლის ინფორმაციით, "ვაგნერელებს" აუცილებელი საბრძოლო მასალის მხოლოდ 10% მიეწოდებათ.
ცნობისთვის: გასულ კვირას პრიგოჟინმა, პუტინს ულტიმატუმი წაუყენა, თავდაცვის მინისტრ შოიგუს მწვავედ დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის კვლავ არმიღების შემთხვევაში მისი დაჯგუფება პოზიციებს 10 მაისისთვის დატოვებდა.
ამას ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის პასუხი მოჰყვა, რომელმაც "ვაგნერელებს" ფრონტის დატოვება დე-ფაქტოდ აუკრძალა და მოუწოდა, "კადიროველების" მართვის ქვეშ გადავიდნენ, თავად პრიგოჟინს კი შეუთვალა, "მალე საჭირო ადამიანები დაგიკავშირდებიან და აგიხსნიან, რა როგორააო".


