
რა მოცულობის დეპოზიტებს ინახავენ რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში
09/05/2023 19:20:37 ეკონომიკა
უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 6.55 მილიარდი ლარის ოდენობის დეპოზიტებს ინახავენ, საიდანაც 37% რუსეთის მოქალაქეთა კუთვნილი თანხებია, – იუწყება BM.GE ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშზე დაყრდნობით.
ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ უცხოელთა შორის საქართველოში ყველაზე მეტი დეპოზიტი რუსეთის მოქალაქეებს აქვთ გახსნილი. თუ 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 567 მილიონ ლარს ინახავდნენ, 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 2.42 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 327%-იანი მატებაა.
6.55 მილიარდი ლარიდან უკრაინის მოქალაქეების დეპოზიტები 393 მილიონი ლარია, ბელარუსის მოქალაქეთა კი – 196 მილიონი ლარი.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში რუსეთის 62 ათასი, უკრაინის 21 ათასი და ბელარუსის 13 ათასი მოქალაქე ემიგრირდა. მიგრაციულ ტალღას მათ მიერ ქართულ ბანკებში დეპოზიტების ზრდა მოჰყვა.