აშშ რუსეთის ახალ ბირთვულ მუქარას ბლეფად მიიჩნევს
09/05/2023 17:12:16 მსოფლიო
რუსეთის ბირთვული რიტორიკის ახალ ტალღას უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ან მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებებითურთ არაფერი შეუცვლია მოსკოვის ბირთვული ძალების პოზიციონირებაში და არავითარი ნიშანი რუსეთის მიერ მისი ბირთვული იარაღის რაიმე სახის მატარებლების გააქტიურებისა არ ჩანს, - განუცხადეს CNN-ს წყაროებმა პენტაგონსა და თეთრ სახლში ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
"ამ ეტაპზე არ გვაქვს არავითარი ნიშანი რუსეთის სტრატეგიული ძალების პოზიციონირების ცვლილებისა და ვითარებაზე დაკვირვებას ვაგრძელებთ" - განუცხადა ტელეარხს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა და იქვე დასძინა, რომ "მოსკოვიდან მომავალი ახალი მუქარა, როგორც ჩანს, კრემლის მორიგი ბლეფია".
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე გასცა ბრძანება რუსეთის ბირთვული ძალების "განსაკუთრებული საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაყვანის" თაობაზე, ომის ერთი წლის თავზე კი დე-ფაქტოდ დატოვა აშშ-სთან შეთანხმება ბირთვული ქობინების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ.
მარტში პუტინმა ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განაცხადა.
კრემლზე დრონების ამასწინანდელი შეტევის შემდეგ, რომელსაც მოსკოვში "პუტინზე თავდასხმის მცდელობა" უწოდეს, რუსულ არმიაში ჩატარდა წვრთნები ბირთვული რაკეტების ერთ-ერთი მატარებლის - "ისკანდერის" კომპლექსის გამოყენებით, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა კი მოუწოდა კრემლს, "ამ თავდასხმას უპასუხოს იარაღით, რომელიც კიევის რეჟიმს გაანადგურებს". თავის მხრივ, "როსკოსმოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამხედრო მრჩეველთა ჯგუფ "მეფის მგლების" თავკაცად დანიშნულმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ "რუსეთს მოუწევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუკი უკრაინის კონტშეტევა წარმატებული აღმოჩნდება, რადგან სხვა ვარიანტი უბრალოდ აღარ რჩება".


