მედია: ლუკაშენკო შეუძლოდ გახდა და მოსკოვი სასწრაფოდ დატოვა
09/05/2023 14:57:19 მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ყოფნისას შეუძლოდ გახდა და მოსკოვის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, - იუწყება მსოფლიო მედია.
ჟურნალისტები იმ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ლუკაშენკო დღეს არ დასწრებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით კრემლში გამართულ სამუშაო საუზმეს, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოსკოვში ჩასული დსთ-ის ქვეყნების ლიდერებისთვის ჩატარდა.
მანამდე კი, "რადიო თავისუფლების“ ბელარუსული სამსახურის ცნობით, ლუკაშენკომ უარი განაცხადა, სხვა ლიდერებთან ერთად ფეხით გაევლო რამდენიმე ასეული მეტრი წითელ მოედანზე მოწყობილი ტრიბუნიდან ალექსანდრეს ბაღში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე და ეს მანძილი მანქანით დაფარა.
მედიის ინფორმაციით, თავად აღლუმის დროსაც ბელარუსი ავტორიტარი ლიდერი "უჩვეულოდ სევდიანად" გამოიყურებოდა და ამასთანავე, მარჯვენა ხელი ჰქონდა შეხვეული.
ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების შვიდი ლიდერი ჩავიდა: ლუკაშენკოს გარდა, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
მათი ჩასვლის შესახებ მხოლოდ წინა დღეს გახდა ცნობილი. მათ ერთობლივი განცხადებები არ გაუკეთებიათ. პუტინმა აღლუმზე გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მოსკოვში ჩასულ ლიდერებს.


