
საკრებულოებში სასკოლო კვების უზრუნველყოფის საკითხს გაააქტიურებენ
09/05/2023 09:57:36 პოლიტიკა, საზოგადოება
პარტია „საქართველოსთვის“ საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვების უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდის.
როგორც ბათუმის საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ განაცხადა, საკითხს პარტია ყველა საკრებულოში დააინიცირებს. პარტიის წევრებმა თემა 21 აპრილს უკვე დააყენა ბათუმის საკრებულოში.
"კვლევა, რომელიც სახელმწიფო ორგანოს – საქსტატის მიერ არის ჩატარებული, გვაჩვენებს, რომ სასკოლო საათებში კვება უმნიშვნელოვანი გამოწვევაა! ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა სასკოლო საათებში შიმშილობს! დაბალანსებული კვება კი მოსწავლის ფიზიკური, მენტალური, ემოციური, კოგნიტური განვითარებისა და ჯანმრთელობის წინაპირობაა! ბავშვების 1/3–ზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სკოლის საათების განმავლობაში; 38% - არარეგულარულად და ბავშვების მხოლოდ 1/4–ზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში.
მსოფლიოში არსებული სასკოლო კვების მოდელების ანალიზის ცხაყოფს, რომ ოპტიმალური ვარიანტია „სადილის ყუთის“ („ლანჩბოქსის) მოდელი” - განაცხადა აკაკი გვიანიძემ.
მისი თქმით, პარტია “საქართველოსთვის” ინიციატივის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტენდერის გზით შერჩეული პირი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს, წლის განმავლობაში, სასწავლო დღეებში მიაწვდიან მოსწავლისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ "სადილის ყუთებს", გათვალისწინებული იქნება ინკლუზიური მიდგომა.
„პროგრამის ბიუჯეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და „სადილის ყუთის“ შიგთავსის გათვალისწინებით.
სტანდარტიზირებული ფასი ერთ მოსწავლეზე წელიწადში შეადგენს 44 აშშ დოლარს.
"ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არის ზეპარტიული საკითხი, ამიტომ, მოვუწოდებთ საკრებულოებს და განსაკუთრებით მერებს, ჩართულობისა და თანამშრომლობისკენ”,- დასძინა გვიანიძემ.