
DOCA: კინოცენტრის მიერ მინისერიალებისთვის 3 მლნ ლარის სუბსიდიის დამტკიცება გაუმართლებელია
08/05/2023 17:20:07 საზოგადოება
"დოკუმენტური კინოს ასოციაცია" (DOCA) საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სამი მინისერიალის წარმოებისთვის 3 მილიონი ლარის სუბსიდიის დამტკიცებას "გაუმართლებელს" უწოდებს.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, "იმის გათვალისწინებით, რომ კინოწარმოების წლიური ბიუჯეტი სულ 6 მილიონი ლარია და საავტორო კინოს ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს სხვა ფინანსური რესურსი არ აქვს, ეს გადაწყვეტილება კინოცენტრის მისიას აცდენილია"
„როდესაც ასეთი მასშტაბური სუბსიდიის გაცემასთან ერთად არ იზრდება კინოცენტრის წარმოებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი და მის ნახევრის შეადგენს, საფრთხის ქვეშ დგება დამოუკიდებელი კინოწარმოება და იზღუდება მისი ისედაც მწირი რესურსები. რა რესურსებით ჩაატარებს კინოცენტრი მომავალ კონკურსებს მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სადებიუტო, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებისთვის უცნობია.
კანონის თანახმად, კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის მთავარი მიზანი მის განვითარებაზე ზრუნვა, შემოქმედებითი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნაა. შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობა ევროკავშირის არაერთი დირექტივით თუ პოლიტიკის დოკუმენტითაც არის განმტკიცებული. კონკურის ზემოთ ხსენებულ პირობებში ჩატარება და ცვლილებების დაჩქარებული წესით ინიცირება არ ეხმიანება ამ მიზანს, არ ითვალისწინებს სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებსა და შეფასებებს. აღნიშნული შემთხვევა კანონსა და დემოკრატიულ ღირებულებებს უგულებელყოფს", - ნათქვამია DOCA–ს განცხადებაში.
კინოცენტრის მიერ 6 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯამში 3 მილიონამდე ლარით დაფინანსდება შემდეგი მინისერიალები:
„ის ბიჭები” – პროდიუსერი: გელა ბაბლუანი – შპს ,,პროდაქშენი 13“, რეჟ./სცენ. გელა ბაბლუანი, თემურ ბაბლუანი – 1 000 000 ლარი; მედიამხარდამჭერია „კავეა“.
„სოხუმი“ – პროდიუსერი: გიორგი ბარაბაძე – შპს ,,შვიდკაცა +“, რეჟ./სცენ. გიორგი ბარაბაძე – 994 566 ლარი; მედიამხარდამჭერი "საზოგადოებრივი მაუწყებელი".
„საშობაო კაკლუჭები“ – პროდიუსერი: კონსტანტინე ესაძე – შპს ,,სტუდია +1“, სცენ. აკა მორჩილაძე, კონსტანტინე ჯანდიერი, რეჟ. ლევან თუთბერიძე – 987 832.8 ლარი. მედიამხარდამჭერი "საზოგადოებრივი მაუწყებელი".