Accentnews.ge
კვლევა: საქართველოში ყოველ მესამე ახალგაზრდას დეპრესიის ნიშნები აწუხებს

კვლევა: საქართველოში ყოველ მესამე ახალგაზრდას დეპრესიის ნიშნები აწუხებს

08/05/2023 16:41:36 საზოგადოება

საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდას საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომები აქვს, ყოველ მესამეს დეპრესიის ნიშნები აწუხებს და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე, – ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა.

რესპონდენტთა ასაკი18-დან 24 წლამდე მერყევობს.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული სტუდენტების 97%-ს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია. გამოკითხული სტუდენტების უმეტესობა ამბობს, რომ თუ მიხვდება, რომ სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება, არავის მიმართავს დახმარებისთვის და ეცდება პრობლემა თავად მოაგვაროს.

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების ბარიერებს შორის დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე სპეციალისტთან ვიზიტის და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალურობა.

გამოკითხული სტუდენტების უმეტესობას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. საჭიროების შემთხვევაში მათი უმეტესობა აცხადებს, რომ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან გეგმავს.

დარგის ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების შეფასებით, ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მხარდამჭერი, პრევენციული ან სარეაბილიტაციო სერვისები. სპეციალისტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და სარეაბილიტაციო პროგრამების, მათ შორის ფსიქიკური აშლილობებისა თუ ადიქციის მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდების გარემოსთან რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამების განვითარება. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის დასახელდა სუიციდის პრევენციის პროგრამის შექმნა, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა; სოციალური მუშაკების მომსახურების და მობილური ჯგუფების მეტად განვითარება.

UNICEF-ში აცხადებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ახალგაზრდები ყველაზე ხშირად დეპრესიით, შფოთვითი აშლილობებით ან პანიკური შეტევებით მიმართავენ. ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც, მათ შორის – პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.

კვლევაზე დაყრდნობით, UNICEF მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება.

კვლევის ფარგლებში ქუთაისის, ბათუმის გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტის 2995 სტუდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები ჩატარდა გასული წლის 17 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S