დნესტრისპირეთი კრემლს რუსული "სამშვიდობო კონტინგენტის" გაზრდას სთხოვს
08/05/2023 13:47:38 მსოფლიო
თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის (მოლდოვა) პრორუსულმა დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსკოვს რეგიონში რუსული "სამშვიდობო კონტინგენტის" გაზრდა სთხოვა.
მოსკოვში დნესტრისპირეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლეონიდ მანაკოვის განცხადებით, "საერთაშორისო შეთანხმებები არსებული კონტინგენტის თითქმის რვაჯერ გაზრდის შესაძლებლობას იძლევა".
"სანამ რუსეთის სამშვიდობო მისია გრძელდება, მოლდოვა შებოჭილია დნესტრისპირეთის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო გეგმის კუთხით. 1995 წელს რუსეთმა თავისი სამშვიდობო კონტინგენტი 6-დან 2 მოტომსროლელ ბატალიონამდე შეამცირა. ამ დროისთვის დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე სულ რაღაც 450 რუსი სამშვიდობო რჩება, არადა, საშტატო განრიგის მიხედვით, შესაძლებელია, 3100 იყოს. ყველამ ვიცით უსაფრთხოების რისკებისა და ტერორისტული საფრთხის შესახებ და სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდა ამ რისკებს შეამცირებდა" - განაცხადა მანაკოვმა და იქვე გააჟღერა წინადადება, "სამშვიდობო კონტინგენტი აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში მუდმივად მცხოვრები რუსების ხარჯზე გაიზარდოს".
კრემლი მიმართვას საჯაროდ ჯერ არ გამოჰხმაურებია.


