"სარწმუნოების და ისლამური სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის“ ირანში ორი კაცი სიკვდილით დასაჯეს
08/05/2023 13:25:37 მსოფლიო
ირანში ორი კაცი სიკვდილით დასაჯეს. შესაბამისი განაჩენის მიზეზად "სარწმუნოებისა და ისლამური სიწმინდეების შეურაცხყოფა" სახელდება.
იუსეფ მეჰრდადისა და სადროლა ფაზელი ზარეს სიკვდილით დასჯის შესახებ ცნობა ირანის სასამართლო სისტემის საინფორმაციო ვებ–გვერდმა გაავრცელა.
ნორვეგიაში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ირანის ადამიანის უფლებები“ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სიკვდილით დასჯა დაგმო და "სასტიკ ქმედებად" შეაფასა.
"მუჰამედის შეურაცხყოფისთვის იუსეფისა და სადროლას სიკვდილით დასჯა არა მხოლოდ შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკი ქმედება, არამედ გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეურაცხყოფაა", - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა მაჰმუდ ამირი-მოგადამმა.
„ირანის ადამიანის უფლებების“ მონაცემებით, ქვეყანაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სიკვდილით 200-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს.


