
რას ითვალისწინებს პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა
08/05/2023 12:07:55 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე. წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.
"პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა. წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები", – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 2022 წლის ივლისში გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. მგზავრი, რომელიც უცხოელი ტურისტი იყო, ადგილზე გარდაიცვალა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. მისი სამაშველო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომლის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად რვავე პირი დაიღუპა. მოგვიანებით, მთავრობამ პარაპლანით ფრენა აკრძალა. როგორც იმჟამად, პარაპლანისტები აცხადებდნენ, სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიკატების ლეგიტიმაციას დიდი ხანია, მხარს უჭერდნენ, თუმცა, მათი თქმით, ფატალური შედეგის დადგომამდე ამ სფეროს მოწესრიგებით არავინ დაინტერესებულა.