პუტინმა ქართველ და მოლდოველ ხალხებს გამარჯვების დღე მიულოცა
08/05/2023 11:55:04 პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამარჯვების დღე აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მეთაურებს მიულოცა.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებული მილოცვის ტექტის მიხედვით, პუტინი გამარჯვების დღეს ულოცავს ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს და არა ამ ქვეყნების მეთაურებს.
ამასთან, მისალოც ტექსტში საერთოდ არაა ნახსენები უკრაინა - არც ხალხი, არც ხელისუფლება.
„დღეს ჩვენი მორალური ვალია, წმინდად შევინახოთ ჩვენი მამა-პაპების ნაანდერძები მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული სიმართლის დამახინჯება, ისევე, როგორც ნაცისტების, მათი თანამზრახველებისა და ამჟამინდელი იდეური მემკვიდრეების გამართლება“,- ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის საზეიმო ღონისძიებებს სავარაუდოდ, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ ტოყაევი დაესწრებიან.
პუტინმა მოსკოვში ზეიმზე ასევე მიიწვია თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი. სახელმწიფო სააგენტო Turkmenistan Today იტყობინება, რომ ბერდიმუხამედოვმა "მადლობა გადაუხადა მეგობარი სახელმწიფოს ლიდერს მიწვევისთვის", თუმცა ჩავა თუ არა იგი მოსკოვში, უცნობია.
კიდევ ერთი უცხოელი ლიდერი, რომელიც მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზეა მიწვეული, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონია. თუმცა ეწვევა თუ არა იგი მოსკოვს - ამ დროისთვის უცნობია.


