
ცესკო გიორგი სიორიძის განცხადებას "პოლიტიკურად მიკერძოებულად" აფასებს
08/05/2023 11:17:02 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისია უწყების თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძეს "პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებების" გაკეთებაში ადანაშაულებს.
საქმე კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ახალ წესს ეხება, რომელიც მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატების მიერაა ინიცირებული.
მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი ქვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრებათ. 2/3-იანი ქვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია.
ამ სიახლის შესახებ საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია "ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ აცნობა და იქვე დასძინა, რომ "ხელისუფლება ფაქტობრივად, ცესკოს ერთპარტიულ ოკუპაციას ახორციელებს". "ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური პრეროგატივა ერთმევა. ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, განპირობებული იმით, რომ პრეზიდენტმა სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა პარლამენტს. თუ ეს პროექტი კანონად იქცევა, ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა სიორიძემ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისივე ინფორმაციით, იცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საკმარისი. ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
საპასუხოდ ცესკომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი განცხადებების საბაბი კიდევ ერთხელ გახდა. ამჯერად საუბარია განცხადებაზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. გიორგი სიორიძე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტია „ლელოს“ მიერ არის დანიშნული, აცხადებს, რომ ამ კანონპროექტით „ხელისუფლება ცესკოს ფაქტობრივად ერთპარტიულ ოკუპაციას უკეთებს“. სამწუხაროა, რომ ეს არ არის მის მიერ გაკეთებული საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯის შემლახავი პირველი განცხადება. ის რეგულარულად ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებებით აზიანებს ინსტიტუციას. გიორგი სიორიძე, როგორც ცესკოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული და ეთიკური ნორმები, იყოს მიუკერძოებელი. თუმცა, ამის საპირისპიროდ, დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა უწყების იმიჯის დამაზიანებელი პოლიტიკური კამპანიის საფუძველი.
იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განსახორციელებელ საქმიანობებზე და აშკარაა ამ კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ უწყებას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს. საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესი არ დაზიანდეს პოლიტიკური მოტივების გამო, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და მისი წარმატებით ჩატარებაც ყველა მხარის ინტერესში უნდა იყოს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია.