Accentnews.ge
სიორიძე: "ოცნების" კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს"

სიორიძე: "ოცნების" კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს"

08/05/2023 10:13:22 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. მასვე ექნება უფლებამოსილება, გამოცხადდეს კონკურსი და დაკომპლექტდეს შესარჩევი კომისია.

"ხელისუფლება მზადებას იწყებს არჩევნებისთვის და ფაქტობრივად, ცესკოს ერთპარტიულ ოკუპაციას ახორციელებს. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური პრეროგატივა ერთმევა. ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, განპირობებული იმით, რომ პრეზიდენტმა სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა პარლამენტს. თუ ეს პროექტი კანონად იქცევა, ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა სიორიძემ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე..

მისი ინფორმაციით, იცვლება კანდიდატთა მხარდაჭერისთვის საჭირო ხმათა რაოდენობაც და მათ ასარჩევად სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა) იქნება საკმარისი. ამ შემთხვევაში ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ცნობისთვის: მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და კონკურსს აცხადებს. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი ქვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრებათ. 2/3-იანი ქვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვით.

„საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა მამუკა მდინარაძემ, გივი მიქანაძემ, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და ირაკლი შატაკიშვილმა მოამზადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S