„ქართული ლეგიონის“ მეთაური – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ: "ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია"
08/05/2023 09:52:16 მსოფლიო
„ქართული ლეგიონის“ ლიდერი მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა".
"ეს რუსული პროვოკაცია უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიდეოს ფიგურანტ პირებს "ქართულ ლეგიონთან" არანაირი კავშირი აქვთ. რაც შეეხება გაჟღერებულ მუქარებს, მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვებისა და ქალების მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა და სხვა სამხედრო დანაშაულები სწორედ რუსი ოკუპანტების ჩვეული მეთოდია, რასაც ისინი არც მალავენ, მათ შორის - კრემლის სხდომათა დარბაზში გაკეთებულ განცხადებებშიც“, - წერს მამუკა მამულაშვილი "ფეისბუქში" პირად გვერდზე.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც სამი კაცი ჩანს ნიღბებითა და „ქართული ლეგიონის“ შევრონებით. ერთ-ერთ მათგანი რუსებს ქართულად მიმართავს და მუქარის ტონით უცხადებს, რომ "უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ ომი მათ სახლებშიც მივა".
„ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ძმებს, დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს, დავიბრუნებთ ცხინვალს“, - ამბობს ერთ–ერთი მამაკაცი და ამატებს, რომ "ყველას ამოხოცავენ".
„ქართული ლეგიონი“ მოხალისეთა შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის. ის ძირითადად შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ყოფილი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. ახლა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ორი ათასი მოქალაქე იბრძვის. მათი უმეტესობა „ქართული ლეგიონის“ წევრია.


