
"ვაკის პარკში" უკრაინის დროშა ჩამოგლიჯეს
08/05/2023 08:55:48 საზოგადოება
თბილისში, "ვაკის პარკში" უკრაინის დროშა ჩამოგლიჯეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ აქტის ჩამდენი მამაკაცი პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერია.
"აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პირს, თუ ის შებღალავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკას, რომელიც საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს აღმართული, 1000-ლარიანი ჯარიმა ეკისრება.
შსს–ს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.