კვლევა: 10-დან 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ დეზინფორმაციის იდენტიფიცირება შეუძლია
08/05/2023 08:52:35 საზოგადოება
„ზინქ ნეთვორქის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, 10-დან 4 გამოკითხული ფიქრობს, რომ დეზინფორმაციის იდენტიფიცირება შეუძლია.
გამოკითხულთა 28% აცხადებს, რომ იმის გასარკვევად, ინფორმაცია ნამდვილია თუ ყალბი, აზრს ოჯახის წევრს შეეკითხებოდა, 26% - რომ ახალი ამბის ალტერნატიულ წყაროებს შეამოწმებდა, 23% - რომ არაფერს მოიმოქმედებდა.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა არაფერს მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ინფორმაცია ყალბია. კერძოდ, რესპონდენტთა 12%–მა განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის შემცველ "პოსტს" გაასაჩივრებდა, 11% - რომ გააზიარებდა და დაწერდა, რომ ეს ცნობა ყალბია, ხოლო 63% - რომ არაფერს გააკეთებდა.
გარდა ამისა, კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა რუსულ და გაცხადებულად პრორუსულ ტელევიზიებს ყველაზე ნაკლებად უყურებს და ენდობა.
კითხვაზე, რამდენად ხშირად უყურებენ ქვემოთ ხსნებულ სატელევიზიო არხებს, პასუხები ასე გადანაწილდა: 59% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს ტელეკომპანია „იმედს“, 53% – „რუსთავი 2“–ს, 42% - „მთავარ არხს", ყველაზე ნაკლებად - „ობიექტივს“, „ალტ ინფოს“, ORT-ს, NTV-სა და RTR-ს.
კვლევა ჩატარდა USAID-ს მხარდაჭერითა და „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით, საველე სამუშაოები „CRRC საქართველომ“ ჩაატარა.
ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ, გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 25%. გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე პერიოდში მთელს საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ცდომილების საშუალო ზღვარი +-2.4% იყო. 10-14 მარტს ჩატარდა დამატებით 1048 სატელოფონო ინტერვიუ. ამ შემთხვევაში ცდომილებამ შეადგინა +-2,6%.


