კვლევა: იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ "საბჭოთა დროს ქართული კულტურა და ფასეულობები უკეთ იყო დაცული“, გაიზარდა
08/05/2023 08:28:32 საზოგადოება
„ზინქ ნეთვორქის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ "საბჭოთა დროს ქართული კულტურა და ფასეულობები უკეთ იყო დაცული“, გაიზარდა.
კერძოდ, თუ 2021 წლის ნოემბერში ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 31% ეთანხმებოდა, 2023-ის იანვარში ეს მაჩვენებელი 43%–ს გაუტოლდა.
ამასთან, ამავე პერიოდში შემცირდა (54%-დან 34%-მდე) იმ მოქალაქეთა წილი, ვინც თვლის, რომ "საბჭოთა დროს ქართული კულტურა და ფასეულობები დათრგუნული იყო".
ამავდროულად, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ ქართველებმა სტალინით უნდა იამაყონ: თუ 2021-ის ნოემბერში მოსაზრებას, რომ „პატრიოტი ქართველი უნდა ამაყობდეს, რომ სტალინი ქართველი იყო“, ჯამში 45% იზიარებდა, ახალი კვლევის შედეგების თანახმად, ამ მაჩვენებელმა 37% შეადგინა.
კვლევა ჩატარდა USAID-ს მხარდაჭერით, „ზინქ ნეთვორქის“ დაკვეთით, საველე სამუშაოები ჩაატარა „CRRC საქართველომ“.
ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ, გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 25%.
გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე პერიოდში მთელს საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ცდომილების საშუალო ზღვარი +-2.4% იყო. 10-14 მარტს ჩატარდა დამატებით 1048 სატელოფონო ინტერვიუ. ამ შემთხვევაში ცდომილებამ შეადგინა +-2,6%.


