ივანიშვილი - 45%, კეზერაშვილი 9%: ვის თვლიან საქართველოში ოლიგარქად
08/05/2023 08:01:20 პოლიტიკა
„ზინქ ნეთვორქისა“ და „CRRC საქართველოს“ ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში ევროკომისიამ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.
კერძოდ, კითხვაზე - თქვენი აზრით, რომელ პიროვნებას ან პიროვნებებს მოიაზრებს ევროკომისია ოლიგარქში ან ოლიგარქებში? - 45% ამბობს, რომ ივანიშვილს, 37%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 4% პასუხზე უარს ამბობს. სხვა პასუხები ასე გადანაწილდა:
დავით კეზერაშვილი - 9%;
მიხეილ სააკაშვილი - 8%;
მამუკა ხაზარაძე - 7%;
ვანო ჩხარტიშვილი - 5%;
სხვა - 1%;
არ მოიაზრებს კონკრეტულ პიროვნებას - 8%;
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.
დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.


