
მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ: "მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, რომ პროტოკოლი 10 ივნისამდე დამტკიცდება"
05/05/2023 13:27:09 საზოგადოება
აქონდროპლაზიის სინდრომის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან შეხვედრის დეტალებს ავრცელებს.
გოჩიაშვილის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსგან და ექიმების სამუშაო ჯგუფისგან მიიღეს სიტყვიერი დაპირება, რომ პროტოკოლის დამტკიცების ვადა მაქსიმუმ 10 ივნისი იქნება, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, რომ წამალი ვოზორიტიდისთვის საჭირო თანხის გამოყოფა პროტოკოლის დამტკიცებიდან 1 დღეში მოხდება.
მშობელი ასევე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მშობლები ყოველკვირეული საკოორდინაციო საბჭოს წევრებში ჩასვა.
მაკუნა გოჩიაშვილის თქმით, მშობლები პროტესტის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.
„მორიგი შეხვედრა დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროში.
1. გავეცანით ექიმების სამუშაო ჯგუფს, რომლებიც პროტოკოლზე მუშაობენ და გაგვაცნეს, რა ეტაპზე არიან ახლა. მათგან მივიღეთ სიტყვიერი დაპირება პროტოკოლის დამტკიცების ვადაზე - მაქსიმუმ 10 ივნისი.
2. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლისგან მივიღეთ მზაობა, რომ ერთი დღე იქნება მათთვის საკმარისი, პროტოკოლის დამტკიცებიდან, ვოსორიტიდისთვის საჭირო თანხის გამოსაყოფად.
3. ბიომარინთან კომუნიკაციის დეტალებს გავეცანით - არის წინსვლა, თუმცა აქ ვადები ბუნდოვანია.
4. რაც მთავარია, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ოფიციალურად ჩაგვსვა მშობლები ყოველკვირეულ საკოორდინაციო საბჭოს წევრებში.
ამ ყველაფერს დღეს შევაჯამებთ მშობლები და მივიღებთ პროტესტის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას“ - წერს სოციალურ ქსელში მაკუნა გოჩიაშვილი.