პუტინმა 9 მაისს მოსკოვში ტაჯიკეთის პრეზიდენტი მიიწვია
05/05/2023 12:39:29 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალირაჰმონი მოსკოვში "გამარჯვების დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად" მიიწვია. ამის შესახებ რაჰმონის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებით მიხედვით, 5 მაისს რაჰმონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ფარგლებშიც "პრეზიდენტებმა ტაჯიკეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიური დინამიკა აღნიშნეს" და ერთმანეთს გამარჯვების დღის 78 წლის იუბილე მიულოცეს.
მიიღო თუ არა რაჰმონმა პუტინის მოწვევა და ასეთ შემთხვევასი, როდის ეწვევა ის მოსკოვს, განცხადებაში მითითებული არ არის. გამოცემა „იზვესტია“ ტაჯიკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაჰმონის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მოუღია.
უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებს ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი დაესწრება. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღლუმზე სხვა უცხოელი ლიდერები მიწვეულები არ არიან, ვინაიდან ეს არ არის დიდ სამამულო ომში გამარჯვების მრგვალი თარიღი. რატომ გადაწყვიტა პუტინმა რაჰმონის მიწვევაც, ჯერჯერობით გაურკვეველია. კრემლს პრეზიდენტებს შორის საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა. კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა. კიევი მომხდართან კავშირს უარყოფს.
პესკოვის თანახმად, 9 მაისის აღლუმი გეგმის მიხედვით წარიმართება, პუტინი წითელ მოედანზე პოდიუმზე უნდა იყოს.
რაჰმონი იყო ერთადერთი უცხოელი ლიდერია, რომელიც მოსკოვში 2021 წლის 9 მაისის აღლუმს ესწრებოდა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, აღლუმზე არც ერთი უცხოელი ლიდერი არ ყოფილა.


