Accentnews.ge
მეხორბლე ფერმერების აქცია კახეთში – უნუგეშოდ ვართ დარჩენილი

მეხორბლე ფერმერების აქცია კახეთში – უნუგეშოდ ვართ დარჩენილი

05/05/2023 12:02:27 საზოგადოება

მეხორბლე ფერმერების ნაწილმა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ჩალაუბანთან საპროტესტო აქცია გამართა. ფერმერებმა პროტესტის ნიშნად გზაზე ერთი ტომარა ხორბალი დაყარეს. აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ასობით ტონა შარშანდელი ხორბლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.

ფერმერების ცნობით, იმის გამო რომ ქვეყანაში რუსეთიდან დაუბეგრავი ფქვილი შემოდის, ქართული წისქვილკომბინატები გაჩერებულია და ხორბალზე მოთხოვნა თითქმის არ არის.

„რუსეთიდან შემოდის მზა ფქვილი, რომელიც არ იბეგრება, ანუ მასზე საიმპორტო გადასახადი არ არის დაწესებული, შესაბამისად ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ. რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული და ხორბალი, ასე რომ ვთქვათ, გადასაყრელი აქვს. ამიტომ იაფად ყიდიან. ჩვენი მოთხოვნაა, რუსეთიდან ფქვილის შემოტანა დაიბეგროს, რაც საშუალებაც მოგვცემს ქართული ხორბალი გავყიდოთ თვითღირებულებით მაინც. ეს არ გამოიწვევს პურის გაძვირებას. თურქეთმა ქვეყანაში ხორბლის შეტანაზე საკმაოდ მაღალი საიმპორტო გადასახადი დააწესა, ეს იმიტომ გააკეთა რომ ადგილობრივი ფერმერები არ დაზარალებულიყვნენ. ჩვენც ამას ვითხოვთ, თუმცა უნუგეშოდ ვართ დარჩენილები. ეს საკითხი თუ დროულად არ მოგვარდა, მოსავალი მთლიანად განადგურდება და ახლი მოსავლის აღებასაც ვერ შევძლებთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა ამბობს, რომ წისქვილკომბინატებს ერთ კილოგრამ ხორბალში დაახლოებით 50 თეთრის გადახდა შეუძლიათ, თუმცა ეს ფასი ფერმერებისთვის არახელსაყრელია. მისი ინფორმაციით, მეხორბლე ფერმერთა ნაწილი სუბსიდიის საკითხსაც განიხილავს, თუმცა მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.

„ზოგადად ჩვენ სუბსიდიების წინააღმდეგი ვართ, თუმცა თუ სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, წისქვილკომბინატები მზად არიან ხორბალი 50 თეთრად ჩაიბარონ, დარჩენილი სხვაობა კი რომელსაც ფერმერები მოითხოვენ, სახელმწიფომ დაასუბსიდიროს. მეორე გამოსავალი შეიძლება იყოს ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება“, – განუცხადა "რადიო თავისუფლებას" ლევან სილაგავამ.

დაახლოებით ორი კვირის წინ მინისტრი ოთარ შამუგიამ ამბობდა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესებას არ განიხილავდნენ.

„ჩვენ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვიქნებით დაცულ, რომ პურის ფასი არ გაიზრდება“ - განაცხადა შამუგიამ აპრილში.

ფერმერები ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემით სახელმწიფო არ დაინტერესდა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S