ვიცოდი, რომ შეტევა მხოლოდ დროის საკითხი იყო – კლინტონი პუტინთან შეხვედრას იხსენებს
05/05/2023 12:00:01 მსოფლიო
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თქვა, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს გააცნობიერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გარდაუვალობა.
მან Financial Times–თან გაიხსენა შვეიცარიაში, დავოსში პუტინთან „ცივი შეხვედრა“ და როგორც აღნიშნა, სწორედ ამის შემდეგ მიხვდა რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე დროის საკითხი იყო.
კლინტონის თქმით, ამ შეხვედრის დროს პუტინმა უარყო აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას კიევის მიერ ბირთვული არსენალის დათმობის სანაცვლოდ.
„ვლადიმირ პუტინმა მითხრა 2011 წელს – ყირიმის ხელში ჩაგდებამდე სამი წლით ადრე – რომ არ ეთანხმება ბორის ელცინთან დადებულ შეთანხმებას. მან თქვა: „მე არ ვეთანხმები მას, მხარს არ ვუჭერ და არ ვარ შებოჭილი ამ შეთანხმებით." და ვიცოდი, რომ იმ დღიდან ეს (შეტევა უკრაინაზე) მხოლოდ დროის საკითხი იყო", - თქვა მან.
მანამდე, აპრილში კლინტონმა ბოდიში მოიხადა 1990-იან წლებში უკრაინის ბირთვულ განიარაღებაში მისი როლის გამო.
მოგეხსენებათ, 1994 წლის იანვარში კლინტონმა ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას რუსეთის და უკრაინის იმჟამინდელ პრეზიდენტებთან – ბორის ელცინთან და ლეონიდ კრავჩუკთან სსრკ-ის დაშლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილი სტრატეგიული ბირთვული იარაღის არსენალის ლიკვიდაციის შესახებ. იმავე წლის დეკემბერში შეერთებული შტატები შეუერთდა ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომელიც მოიცავდა რუსეთის ვალდებულებებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ.


