
გიორგი ვაშაძის ძმა უარყოფს, რომ აღმაშენებლის გამზირზე „ქოლ–ცენტრი“ აქვს
05/05/2023 10:17:10 საზოგადოება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე იმ საოფისე ფართებთან კავშირს უარყოფს, სადაც ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა.
მისი თქმით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართული ეკუთვნის, სადაც სასტუმრო აქვს გახსნილი, დანარჩენი ფართის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს.
„მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში 100%-ით. შპს „თბილისი თაიმსი“ არის ასევე ჩემი კომპანია და დაახლოებით, 7 წელია აქ სასტუმრო მაქვს. შესაბამისად, სხვა ფართებთან მე საერთოდ შეხება არ მაქვს და ვერ მაქვს", განაცხადა დავით ვაშაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
რაც შეეხება „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, "აღნიშნულ შენობაში „ქოლცენტრი“ გიორგი ვაშაძესა და უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერ დავით არახამიას ეკუთვნით", დავით ვაშაძის თქმით, "ეს შეუძლიათ შესაბამისმა უწყებებმა გამოიძიონ".
„მოდით, გამოვიძიოთ. ზოგადად, ეს საკითხი მთელ ქვეყანას აწუხებს და ჩემთვისაც ძალიან შემაწუხებელია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ უცხოელთან მაქვს ურთიერთობა და ჩვენს ქვეყანას ძალიან აქვს სახელი ამის გამო გაფუჭებული. ჩემი აზრით, კარგი იქნება გამოიძიონ შესაბამისმა სტრუქტურებმა, პარლამენტშიც არის ინიცირებული საგამოძიებო კომისია და ამ „ქოლცენტრიდან“ დაიწყონ, შეისწავლონ, ვის აქვს რამე შეხება“, — განაცხადა დავით ვაშაძემ.