
კარლო ალვინო – კვარავაჯო მართლაც ხატავს, მოედანი მისთვის ტილოა, ბურთი კი ფუნჯი
05/05/2023 07:28:55 საზოგადოება
ცნობილი ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტი, ტელე და რადიოწამყვანი კარლო ალვინო აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია, უზარმაზარი ნიჭისა და პოტენციალის მქონე. ქართველი ფეხბურთელის შესახებ მან "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
გამოცემის კითხვაზე, "კვარადონას ეძახიან - დამსახურებულია ეს მეტსახელი თუ ტვირთია ახალგაზრდა გარემარბის მხრებზე? იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი „ახალი მარადონა“ და „ახალი მესი“ ვნახეთ ბოლო დეკადების განმავლობაში?", ალვინომ შეემდეგი განაცხადა:
"ეს მეტსახელი ფანების მიერ მადლიერების გამოხატვაა ახალგაზრდა ჩემპიონისადმი და ვფიქრობ, მას მეტ მოტივაციას შეჰმატებს. არა მგონია, ტვირთი იყოს, თუმცა მაინც აჯობებს მარადონა ოლიმპოზე დავტოვოთ, ზეცაში და კვარას ვუსურვოთ, რომ დედამიწაზე, ადამიანებში იყოს საუკეთესო. მე მისი მეორე მეტსახელიც ძალიან მომწონს - კვარავაჯო - ის მართლაც ხატავს, მოედანი მისთვის ტილოა, ბურთი კი ფუნჯი".
ოცდაცამეტწლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ათი თვის წინ გადავიდა. იგი ძირითად შემადგენლობაში უმალ დამკვიდრდა და გუნდის ლიდერიც მალევე გახდა. მიმდინარე სეზონში, გასულ ოცდაცამეტ ტურში, ქართველმა შემტევმა თორმეტი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა და ამით იტალიის ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა - ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ.