მედია – ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრიტანეთის აგენტობისთვის სიკვდილით დასაჯეს
04/05/2023 08:03:01 მსოფლიო
ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალირეზა აკბარი ბრიტანეთის აგენტობისთვის სიკვდილით დასაჯეს, – იუწყება The New York Times.
მისი ცნობით, "აკბარის გამოაშკარავებაში ირანს რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლები დაეხმარნენ".
1990-2000 წლებში აკბარი ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და ქვეყნის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ამჟამინდელი მდივნის ალი შამხანის მრჩეველი იყო.
ირანის ეროვნულმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა ვიდეოების სერია, რომლებშიც აკბარი აღიარებს, რომ ჯაშუშობდა. თუმცა, სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე აკბარიმ აუდიო მესიჯი გადასცა BBC-ს, რომელშიც აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.
როგორც გამოცემა იტყობინება, ირანის ხელისუფლების ცნობით, 2004 წლიდან აკბარი ბრიტანული დაზვერვის, MI6-ის მიერ იყო გადაბირებული და დასავლეთს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა. აღნიშნულის სანაცვლოდ, მან სავარაუდოდ, 2 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.
მისი ცნობით, კერძოდ, სწორედ აკბარიმ გაუმხილა ბრიტანელებს ფორდოს მიწისქვეშა კომპლექსის ნამდვილი დანიშნულება, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო გამდიდრებული ურანის წარმოების მთავარი ცენტრი იყო. იმ დროს დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებმა იცოდნენ სატელიტური სურათებით, რომ ირანი აშენებდა ობიექტს ფორდოს მთებში, მაგრამ მას სამხედრო საცავად თვლიდნენ. ფორდოზე ინფორმაციის გაჟონვამ შეცვალა მსოფლიო წარმოდგენა ირანის ბირთვულ პროგრამაზე და შეცვალა დასავლეთის გეგმები მასთან მიმართებაში.
2008 წელს აკბარი პენსიაზე გავიდა და მალე დიდ ბრიტანეთში დასახლდა, სადაც მეორე მოქალაქეობა მიიღო. 2019 წელს შამხანის მიწვევით ირანში ჩავიდა, რის შემდეგაც დააკავეს.
გამოცემის ცნობით, სწორედ ამ დროს ირანის ხელისუფლებამ რუსული დაზვერვის დახმარებით შეიტყო, რომ აკბარი ფორდოს კომპლექსის შესახებ გაჟონვის წყარო იყო. ამასთან, გაზეთი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, როგორ მიიღო ეს ინფორმაცია რუსეთმა, რომელიც ირანის ახლო მოკავშირეა.


