
ხელისუფლება თავად ეწევა ოპონენტების დისკრედიტაციას, არღვევს ჟურნალისტების უფლებებს - კოალიცია
04/05/2023 07:04:04 საზოგადოება
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება Meta-ს (Facebook) ანგარიშს, რომლის თანახმად, ორგანიზაციამ გამოავლინა არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.
"აღნიშნული ანგარიში ადასტურებს ღია წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციებს, რომელიც ადრეც აჩენდა ეჭვებს, რომ ხშირად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არა საჯარო ინტერესის, არამედ პარტიული მიზნით ხდება, ხოლო მმართველი პარტია პოლარიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მედია გარემო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ძალადობა, ბოიკოტი, უკანონო მოსმენები და ა.შ. ნაცვლად რეალური საფრთხეების წინააღმდეგ აქტიური ქმედების გადადგმისა, ხელისუფლება თავად ეწევა შიდა პროპაგანდას, ჟურნალისტების უფლებების დარღვევას და ოპონენტების დისკრედიტაციას", - წერს კოალიცია.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიდა დეზინფორმაციული კამპანია, დაიცვას მედიის უფლებები და შექმნას უსაფრთხო სამუშაო და პლურალისტური გარემოს პირობები.