კრასნოდარის გარდა, "დრონებით" შეტევის შესახებ რუსეთის კიდევ 2 რეგიონიდან იუწყებიან
04/05/2023 07:01:59 მსოფლიო
უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობროდუქტების ქარხნის ტერიტორიაზე. ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, "დრონი" შეეჯახა ერთ-ერთ მშენებარე კონსტრუქციას. გუბერნატორის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის.
უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შესახებ ტელეგრამით იუწყება ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევიც. მისი ინფორმაციით, დრონი დღეს დილით აღმოაჩინა და გაანადგურა საჰაერო თავდაცვის სისტემამ. გუბერნატორის თანახმად, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
დღესვე, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონით დარტყმის შედეგად, ხანძარი გაუჩნდა ნავთობის რეზერვუარს. ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 3 მაისს, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად, ნავთობის რეზერვუარი დაიწვა კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნაშიც.
კრასნოდარის, როსტოვის და ვორონეჟის რეგიონები უკრაინას ესაზღვრებიან.
რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ხშირია ხანძრები და აფეთქებები. მათთან კავშირს კიევი, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს. აფეთქებები და ხანძრები გახშირდა უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილშიც, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული.


